საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030164791467619
             № 01-237/ო 24 / ივლისი / 2019 წ.             
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველსაყოფად მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 102-ე, 103-ე და 104-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199 დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის‘‘ მე-5 და მე-8 მუხლების, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით,  სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდეს რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.

2. რეორგანიზაციის პროცესზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) პირველი მოადგილე და მინისტრის მოადგილეები (კომპეტენციის ფარგლებში), ხოლო ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგი, პასუხისმგებელი პირების მიერ მომზადებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მინისტრისთვის საბოლოო სახით შესათანხმებლად წარდგენა, აგრეთვე ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობაზე მონიტორინგი დაევალოს თინათინ ხარძიანს (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (მინისტრი) თანაშემწეს).

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პასუხისმგებელმა პირებმა:

ა) ბრძანების ძალაში შესვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ურთიერთკოორდინაციით, შეიმუშაონ წინადადებები სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების, შტატების ოპტიმალური რაოდენობისა და მათი გადანაწილების შესახებ;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყონ სამინისტროს ახალი სტრუქტურის, დებულების, საშტატო ნუსხისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების წარდგენა;

გ) ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა, უზრუნველყონ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაევალოს სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს (ნ. არბოლიშვილი) უზრუნველყოს:

ა) ამ ბრძანების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის გაცნობა და/ან საჯაროდ გამოცხადება;

ბ) ამ ბრძანების სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადაგზავნა;

გ)  სამინისტროს თითოეული მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გაფრთხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო, მათი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე;

დ) ამ ბრძანების საჯარო გამოცხადების მიზნით სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ შენობებში თანამშრომელთათვის თვალსაჩინო ადგილზე ღიად განთავსება;

ე) რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ ბრძანების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, დაევალოთ სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს:

ა) ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მოსალოდნელი რეორგანიზაციის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა;

ბ) ბრძანების ამოქმედებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში კურატორ მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით/კოორდინაციით, უზრუნველყონ დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფუნქციური ანალიზი, სამინისტროს შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტური იმპლიმენტაციისათვის მისაღები ახალი ორგანოგრამის/წინადადებების შემუშავება და წარმოდგენა;

) დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში რეორგანიზაციის პროცესის უზრუნველსაყოფად სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის N01-52/ო ბრძანება „სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში განსახორციელებელი რეორგანიზაციის პროცესის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“.

7. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6).

8. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

9. ბრძანება ძალაშია 2019 წლის 24 ივლისიდან.

 

მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე